27 November 2009

პრესრელიზი თუ ბლოგი?

ამ ბოლო დროს, უცხოურ პიარ ბლოგებზე ძალიან ხშირად იწერება პრესრელიზის შესახებ. Google-ის მონაცემებით სულ უფრო მეტი ხალხი ეძებს საძიებო სისტემაში “როგორ დავწეროთ კარგი პრესრელიზი”.ზოგი ავტორი თვლის, რომ პრესრელიზი არ უნდა დავივიწყოთ, უფრო მეტიც, უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. მეორე ნაწილის აზრით კი, პრესრელიზი მოძველებული ინსტრუმენტია და პიარ სპეციალისტები მთლიანად ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელებაზე უნდა გადავიდეთ.



ჩემი მოსაზრება კი ასეთია, რა თქმა უნდა ბლოგი უფრო ეფექტიანი საშუალებაა ინფორმაციის გასავრცელებლად, თუ ამ ბლოგს მკითხველების საკმარისი რაოდენობა გააჩნია. ვფიქრობ, დროა ყველა სერიოზულმა ორგანიზაციამ აწარმოოს ბლოგი, რაც მათ საშუალებას მისცემს, მყისვე მიიღოს გამოხმაურება გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს, რასაც ის პრესრელიზში ვერ მოათავსებდა. ბლოგები და სოციალური ქსელები, რა თქმა უნდა, უფრო მეტ გაქანებას აძლევს ორგანიზაციას. ბევრად მეტი ადამიანი ეცნობა შენს მიერ გავრცელებულ ინფრომაციას, თუმცა ამასთან არ უნდა დავივიწყოთ პრესრელიზი. მას თავისი დანიშნულება გააჩნია და გარკვეულ სიტუაციებში, შესაძლოა ერთადერთი პიარ ინსტრუმენტიც იყოს, სასურველი შედეგის მისაღწევად.
მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს პრესრელიზის ადრესატი მედია საშუალებები თუ საინფორმაციო სააგენტოები. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. შესაძლოა სულ რამდენიმე მედია საშუალებამ უფრო კარგად გააშუქოს თქვენი ინფრომაცია, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ აბსოლუტურად ყველა არსებულ მედია საშუალებას მიაწვდით მას.
ასევე მნიშვნელოვანია პრესრელიზი გადააგზავნოთ დროულად, ისე, რომ გაითვალისწინოთ იმ მედია საშუალებების მუშაობის განრიგი, ვისაც უგზავნით პრესრელიზს. მათ უნდა მოასწრონ დროულად გააშუქონ ახალი ამბავი.
ბოლო დროს, სულ უფრო აქტუალური ხდება პრესრელიზები, რომელსაც თან ახლავს მოვლენის ამსახველი ფოტო. ჟურნალისტების განცხადებით, ფოტო მათ
ეხმარება უფრო კარგად აღიქვან ინფორმაცია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, თქვენი ფოტო დართული პრესრელიზი ყოველთვის გამორჩეული იქნება იმ უამრავ პრესრელიზს შორის, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიურად იღებენ.

ჩემი რჩევა ასეთი იქნება, გამოიყენეთ ყველა არსებული პიარ ინსტრუმენტი, რომ რაც შეიძლება დიდმა აუდიტორიამ გაიგოს თქვენი ახალი ამბავი. გაავრცელეთ სულ პატარა, თითქოს უმნიშვნელო ინფორმაციაც კი თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. საზოგადოებას აქვს მოთხოვნილება იყოს ინფორმირებული. ეს მათ ნდობას უფრო აამაღლებს თქვენი კომპანიის მიმართ. სიტუაციიდან გამომდინარე გაავრცელეთ ინფორმაცია ბლოგითაც და პრესრელიზის მეშვეობითაც. ამით თქვენ უფრო დიდ აუდიტორიას მოიცავთ.

No comments: